28 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს - ირაკლი კობახიძე

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" დამტკიცებას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ამისთვის კეთდება ყველაფერი, როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობას და მხარდაჭერას არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" დაამტკიცა. დოკუმენტი ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას საკანონმდებლო დონეზე ამყარებს. ის ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი.

დღის ამბები