22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"დირსში" მომხდარ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაკავებულია

ცნობილია "დირსის" კომპლექსში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა. ის 37 წლის გრიგოლ დოჩიაა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. როგორც "კურიერისთვის" არის ცნობილი, დაჭრილებმა არაერთხელ სცადეს გარიდებოდნენ თავდამსხმელს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გააცრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს "დირსში", ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს," - ნათქვამია უწყების  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დღის ამბები