28 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს რწმენა, რომ საქართველო სწორად გამოიყენებს ამ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას - თინა ბოკუჩავა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" დამტკიცებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აშშ საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს მოლოდინი, ქვეყანა სწორად გამოიყენებს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას.

"კონგრესი ყოველწლიურად იღებს ასეთი მხარდაჭერის აქტს, რომელსაც ყოველთვის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ხოლმე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, აქვს დიდი რწმენა იმის, რომ საქართველო სწორად გამოიყენებს ამ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ქართველი ხალხი და ქართველი პოლიტიკოსები," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდეს. 

"მხარდამჭერ აქტში ძალიან ნათლად არის ასახული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და ამ თვალსაზრისით, მათ შორის არის მოლოდინი, რომ ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა. 

"საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის მაღალ ნიშნულზე. გრძელდება ის მხარდაჭერა, რითაც საქართველო სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც შექმნილია დღეს ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ძლიერი გზავნილები კონგრესიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი. მოველით, რომ აქტიდან დამტკიცდება სენატის მიერაც უახლოეს მომავალში," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები