27 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
კრიტიკული განცხადებები უკრაინიდან - რა გამოხმაურება მოჰყვა პოდოლიაკის და არესტოვიჩის განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომელმაც საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე არმიერთების მიზეზად ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნეს-ინტერესები დაასახელა, მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

"ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებით, ეს კრიტიკა გაუგებარია, განსაკუთრებით საქართველოდან მიღებული მხარდაჭერის ფონზე. საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის კიდევ ერთმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაც.

"აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში, მათ უნდა კითხოთ, რატომ იმსახურებს საქართველო მსგავს შეფასებებს იმ პირობებში, როდესაც უკრაინას აქვს საქართველოს უმტკიცესი მხარდაჭერა ყველა საჭირო ფორმატში. ქართველ ხალხში არის უდიდესი სოლიდარობის განცდა უკრაინელი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად მოქმედებს ადამიანების განწყობაზეც, ვინაიდან როდესაც გულწრფელად უჭერ მხარს ქვეყანას, ძალიან ცუდი მოსასმენია მსგავსი განცხადებები. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლების შეურაცხყოფა არის იმ ხალხის შეურაცხყოფაც, რომელიც ამ ხელისუფლების წყაროა,"  - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების განცხადებებზე განსაკუთრებული კონცენტრირება არ ღირს, თუმცა როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, თუ რუსეთთან ბიზნეს-კონტაქტების შენარჩუნება დადასტურდა, ეს მასშტაბური ღალატი იქნება:

"ჩვენ არ გვჭირდება უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები, არც პოდოლიაკის, არც არახამიას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ კონტაქტები შენარჩუნებული აქვს "ქართული ოცნების" ლიდერებს და კერძოდ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან და ჩემთვის ძალიან საწყენი იქნება ადამიანურად, თუ სანქციებზე არმიერთება გამოწვეულია არა იმით, რომ ომის აცილებას ცდილობს არასწორად "ქართული ოცნება", არამედ იმით, რომ მათ გარკვეული კონტაქტები გააჩნიათ რუსეთთან. ეს იქნება წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი და რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ვნახო ამ ღალატის მონაწილე," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ ის რისკის და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს, უნდა მოექცეს სანქციების ქვეშ:

"დღეს უკვე "ოცნება" საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთლიანად ქვეყანას და ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და რისკი. რაც შეეხება უშუალოდ  სანქცირების ნაწილს ამაზე ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ის რისკის და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ჩვეულებრივი და გასაგები იქნება მისი სანქცირება," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები