01 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
ასობით ნაწამები და დასახიჩრებული ცხედარი - ბუჩაში მორიგი მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს 

ბუჩაში მორიგი მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ ბუჩაში ასობით ნაწამები და დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ამოცნობა ამ დრომდე მიმდინარეობს.  

მარიუპოლიდან გამოსვლას კი მოსახლეობა კვლავ ვერ ახერხებს. ასობით მოქალაქე აზოვსტალის გვირაბშია გამომწყვდეული. პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ კორიდორზე რუსეთმა უარი განაცხადა. 

მარიუპოლის მერი კი ამბობს, რომ ქალაქში რუსულ აგრესიას იმაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს.

უმძიმესი ვითარებაა უკრაინის კიდევ ერთ ქალაქში, მელიტოპოლში. ქალაქის მერი იმ ვითარებას აღწერს, რომელიც იქ არის. ​ივან ფიოდეროვი ამბობს, რომ ქალაქი ბლოკადაშია მოქცეული და ვერ ხერხდება მოსახლეობის ევაკუაცია.  

"როდესაც პუტინმა გააცნობიერა, რომ მას არ შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეებისგან და ასევე ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლისგან, მან მაშინვე დაიწყო გენოციდი. მთლიანად დაკეტა ჩვენი ქალაქი და ბლოკადაში მოაქცია. ჩვენ ვერ ვიღებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვერ ვიღებთ ფარმაცევტულ პროდუქტებს და ვერც ხალხის ევაკუაციას ვახერხებთ. მელიტოპოლიში სულ 150 000 მოქალაქეა რეგისტრირებული. მათგან თითქმის ნახევარი, 80 000-ზე ნაკლები ქალაქში რჩება. ძალიან საშიშია ქალაქში დარჩენა, რადგან რუსი ჯარისკაცები რეგულარულად იტაცებენ ადამიანებს. მათ ჯერ აქტივისტების, ბიზნესმენების გატაცება დაიწყეს, ახლა კი ტოტალურად ყველა მოქალაქესთან მიდიან. ბოლო ორი თვის შემდეგ მათ 200-ზე მეტი მოქალაქე გაიტაცეს. ვიღაც ერთ თვეზე მეტხანს ჩერდება ციხეში, ვიღაც ორი დღე. მთელ მსოფლიოში ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის. ეს არის ომი რუსეთის ფედერაციასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ამიტომ ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს უკრაინასთან, უნდა დაუჭიროს მხარი და დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგებაში," - ამბობს ივან ფიოდეროვი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, ალექსანდრ მოტუზიანიკი აცხადებს, რომ მტერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევით ოპერაციებს ახორციელებს. 

"რუსი სამხედროები თანდათანობით ყველა მიმართულებით ზრდიან შეტევით მოქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა დონეცკის მიმართულებით ფიქსირდება. არის ნიშნები, რომ აგრესორი ემზადება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისთვის. მტრის საჰაერო იერიშები გრძელდება სამხედრო ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე," - ამბობს მოტუზიანიკი.

დღის ამბები