27 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
გაუპატიურების მცდელობა, ძალადობა და ძარცვა - 64 წლის ქალის ჩვენების საფუძველზე 45 წლის კაცი დააკავეს

64 წლის ნანული ზოიძის ჩვენების საფუძველზე სურამში 45 წლის მამაკაცი დააკავეს. გაუპატიურების მცდელობა, ძალადობა და ძარცვა - ამ ბრალდებებით დაკავებული ლავრენტი ხაჩიძე ამ დრომდე ხაშურის იზოლატორშია მოთავსებული. დაზარალებული ქალი "კურიერთან" ადასტურებს, რომ გამოძიებას გაუპატიურების მცდელობის შესახებ ჩვენება ნამვდილად მისცა, თუმცა დღეს მომხდარის დეტალებზე აღარ საუბრობს და აღარც ფაქტს ადასტურებს. "კურიერმა" დაზარალებულს ჰკითხა, თუ როგორ მიიღო სხეულზე დაზიანებები, რის გამოც ის საავადმყოფოშიც აღმოჩნდა.

დაზარალებული კამერის წინ უარყოფს, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულმა 64 წლის ქალი ხაშურიდან სურამში მოტყუებით, სახლის დასალაგებლად ჩაიყვანა და შესაბამის ანაზღაურებასაც დაჰპირდა. ადგილზე მისულ ნანული ზოიძეს სახლის მეპატრონემ უთხრა, რომ დამლაგებელი არ სჭირდებოდა. ქალის პირველი ჩვენებით, ძალადობაც აქ მოხდა. სახლის მეპატრონე, რომელიც გამოძიებამ გამოკითხა, "კურიერს" უყვება, რომ ქალი მასთან უკითხავად მეზობელმა მართლაც მიიყვანა, თუმცა ძალადობას მის სახლში ადგილი არ ჰქონია.

"კურიერი" დღეს ბრალდებულის სახლშიც იმყოფებოდა, სადაც არავინ დაგხვდა. მეზობლებს ახალგაზრდა მამაკაცის ბრალეულობის არ სჯერა.

დადასტურდება თუ არა ლავრენტი ხაჩიძის ბრალეულობა, ჯერჯერობით, უცნობია, ისევე, როგორც ის, თუ რატომ ცვლის დაზარალებული ჩვენებას. საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მცდელობის და ძარცვის ბრალდებით გრძელდება.

დღის ამბები