მიდის თუ არა თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან - ექიმები ინფორმაციას ვერ ადასტურებენ, ამბობენ, რომ ხელმძღვანელს გუშინ შეხვდნენ, მიიღეს მისგან დავალებები პაციენტების მკურნალობის საკითხებზე, თუმცა სამსახურიდან წასვლის შესახებ არაფერი თქმულა.
"ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მე არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს. ბატონი თენგიზი მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. წუხელ გვქონდა შეხვედრა, მოვახსენე პაციენტების მდგომარეობის შესახებ, რაზეც დაინტერესებული იყო. მოგვცა შესაბამისი მითითებები. მეტი ინფორმაცია ნამდვილად არაფერი არ მაქვს," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან სავარაუდო წასვლის შესახებ პირველი კომენტარი "კურიერთან" დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
"გავიგე ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს. დღის განმავლობაში შევხვდებით, რამდენიმე დღეა არ გვისაუბრია. შემდეგ შემეძლება გიპასუხოთ", - ამბობს "კურიერთან" ჯანდაცვის მინისტრი.