10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა.
როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აუცილებელია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს.
მათი განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს სასწრაფოდ სჭირდება სათანადო მკურნალობა და საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა.
"დეტალურად ავხსენით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გართულებები, რა შეიძლება მოხდეს და რა იქნება გამოსავალი. ქალბატონმა სალომემ ბოლოს გააკეთა ასეთი განცხადება რომ თუ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის გადასარჩენად. ეს განცხადება, თავისთავად, ძალიან ოპტიმისტური იყო, მაგრამ "თუ" - რომელიც არ მოგვეწონა, ამისთვის ვიყავით მოსული რომ განგვემარტა, რომ "თუ" არ არის და არის უკვე კრიტიკული მდგომარეობა. ჩვენი კომუნიკაციიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის დაინტერესებულია," - განაცხადა სამედიცინო ასოციაციის პროფესორმა მანანა ჯებაშვილმა.