პირველი კადრები მარიუპოლთან განთავსებული რუსული საფილტრაციო ბანაკიდან - ვიდეოში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს ვითარებაში არიან. პირდაპირ იატაკზე წვანან და ელოდებიან საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებას, რომლებიც მათ დახვრეტით ემუქრებიან. მათ შორის არიან დაჭრილებიც.
რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ, რუსმა სამხედროებმა დააკავეს და სკოლის შენობაში გადაიყვანეს. მათ ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, განიხილავენ ორ ვერსიას, რაში გამოიყენებენ ტყვეებს: მათ ნაწილს ან ქალაქის ნანგრევებისგან გასაწმენდად ცოცხალ ძალად გამოიყენებენ, ან აიძულებენ რუსულ ჯარში სამსახურს.
მიკოლაივის მერი ვიტალი კიმი ამბობს, რომ ტერიტორიაზე დაბომბვები გრძელდება. კიმის განცხადებით, მსხვერპლი არ ყოფილა, მატერიალური ზარალი კი დიდია.
"დაბომბვები გრძელდება. ოკუპანტები ამას 9 მაისამდე, რუსეთის სირცხვილის დღისთვის აკეთებენ. მსხვერპლი არ ყოფილა, მსუბუქად დაშავდნენ. მატერიალური ზარალი დიდია, მაგრამ გადავრჩებით. რუსების რიტორიკის მიხედვით შევამჩნიე, დაავიწყდათ, რომ ისინი აქ რუსულენოვანების გასათავისუფლებლად მოდიან. დაავიწყდათ რისთვის იყო ეს სპეცოპერაცია. პრინციპში, მთელი რიტორიკა შეიცვალა. ახლა ტელევიზიით ამბობენ, რომ უბრალოდ უკრაინელების მოკვლა სჭირდებათ და NATO-სთან ომში არიან. უკრაინელების მკვლელობა ახლა მათი სიდიადეა," - ამბობს მიკოლაევის მერი ვიტალი კიმი.
ღამით დაიბომბა არაერთი დასახლება, მათ შორის დნიპროს ცენტრი. მთავარი სამიზნე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იყო. დონეცკში რუსული იერიშების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე.
იზიუმთან დაბომბვას უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი შეეწირა. რუსებმა იერიში მიიტანეს კრამატორსკზე. ქალაქის მერის ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმები იყო ხარკივზეც - არის მსხვერპლი. ლუჰანსკში დაბომბვების შედეგად 5 ადამიანია დაღუპული.