ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის შეფასებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულწილად საკუთარი ჯანმრთელობის თემით სპეკულირებს და შეიძლება ითქვას თვითდაზიანებას იყენებს.
კახიანი ამბობს, რომ სააკაშვილს პენიტენციური სამსახური სრულ სამედიცინო დახმარებას უწევს, ექსპრეზიდენტი კი თავად ამბობს შეგნებულად უარს გარკვეულ სერვისებზე.
"მიხეილ სააკაშვილი ცდილობს თავისი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენოს, რომ შემდეგ ასეთი მოთხოვნებით დადგეს. გარკვეული თვალსაზრისით, ეს ადამიანი თითქოს თვითდაზიანებას იყენებს. ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს ექიმებისგან, რომ თუ გააგრძელებს შესაბამისი კვების მიღებასა და მკურნალობას, მისი მდგომარეობა გამოსწორდება. არავის არ უთქვამს საქართველოში, ვგულისხმობ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს, რა მკურნალობა სჭირდება ისეთი, რასაც იგი მიიღებდა საზღვარგარეთ და რისი მიღებაც შეუძლებელია საქართველოში," - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ იმ სამედიცინო სერვისით, რაც სააკაშვილს სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია.