რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს NATO-ს მადრიდის სამიტზე და როგორ აფასებს თბილისში მეორე ოფიციალურ ვიზიტს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი - ხავიერ კოლომინამ ამ თემებზე "კურიერის" ბრიუსელის ბიუროსთან ისაუბრა.
მისი განცხადებით, NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საქართველო წარმოდგენილი იქნება მადრიდის სამიტზე, სადაც კოლომინას განცხადებით, ალიანსი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს ღია კარის პოლიტიკას.
"საქართველოში მქონდა ნაყოფიერი საუბარი სხვადასხვა დონეზე. ვისაუბრეთ რეგიონალურ დინამიკაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გავლენაზე რეგიონში, უფრო კონკრეტულად კი საქართველოზე. ასევე ორმხრივ თანამშრომლობაზე, პოლიტიკურ დიალოგზე, იმაზე თუ რამდენად კმაყოფილი ვართ, ასევე იმ საკითხებზე რის გაკეთებასაც საქართველოსგან ველით, კონკრეტულად კი რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან. შეხვედრებზე ნათელი იყო, რომ უნდა აღდგეს რეფორმების განხორციელების ის დონე, რომელიც ქვეყანაში წელიწადნახევრის ან რამდენიმე წლის წინ იყო. მადრიდის სამიტის ფორმატზე გადაწყვეტილებები მიღების პროცესშია, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ვინ მიიღებს მონაწილეობას სამიტში.
მე ველი და იმედი მაქვს, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება უმაღლეს დონეზე. ამავდროულად ჩვენ გვჯერა, რომ სამიტი იქნება შესაძლებლობა, მიღებულ იქნას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს თავისი უსაფრთხოება, საგარეო ჩარევის გარეშე.
ჩვენ ასევე გავუსვამთ ხაზს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს საქართველოსთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კიდევ ერთხელ დავადასტურებთ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ნათელი იქნება რომ NATO-ს კარი კვლავ ღია რჩება და ჩვენ ერთგული ვართ საქართველოს ევროატლანტიკური გზის. ამავდროულად საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მათ იმპლემენტაციას განახორციელებს. როცა დრო მოვა საქართველო მზად უნდა იყოს,"- აცხადებს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა.