ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ, გვიან ღამით სამართალდამცველებმა 22 პირი დააკავეს.
დაპირისპირება და მოქალაქეების დაკავება, აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილი კარვების აღებას მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საკრებულოს წევრები, მათ შორის, ქალები.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს და ადგილზე კარვები გაშალეს. მათი განცხადებით, არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს სამკურნალოდ, საზღვარგარეთ არ გადაიყვანდნენ.
აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განმარტებით, ყველა პირი პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს.