პარლამენტის სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე საუბრისას განცხადებები გააკეთეს "ქართული ოცნების" წევრებმა. ხაზი გაესვა ბრალდებების უსაფუძვლობას, ასევე დეპუტატებმა პარალელი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ციხეში არსებულ ვითარებასთან გაავლეს და ითქვა, რომ სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, როცა საქმე ყოფილ პრეზიდენტს ეხება, მის ჯანმრთელობას შეიძლება მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, ოღონდ სწორედ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს.
"შეიძლება ბევრი პატიმარი და მათი ოჯახის წევრები გავაღიზიანო კიდევაც, განსაკუთრებით ის პატიმრები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ როცა საქმე ყოფილ პრეზიდენტს ეხება, მაინც ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობას შეიძლება მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, ოღონდ სწორედ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს.
საზოგადოება კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, მაგრამ ზოგჯერ დროა, რომ გავიხსენოთ უახლოესი წარსული თუ რა ხდებოდა 10 წლის წინ საქართველოს ციხეებში. ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როცა 20 კაციან საკანში 120 პატიმარი იყო და რიგ-რიგობით საწოლიც კი არ ხვდებოდათ ხოლმე, ზეწრით ან საკუთარი ტანსაცმლით მიებმებოდნენ ხოლმე საწოლებზე და ისე ეძინათ ფეხზე მდგომებს," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 წლის წინ ციხეში არსებული ვითარება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ციხეს იგივე მისამართი, თუმცა რადიკალურად სხვა მიდგომები აქვს.
"ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო 7 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე. არაფერს ვამბობ სტრასბურგის პასუხზე ასეთ წამებაზე, რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღეს. დღეს ციხეს იგივე მისამართი აქვს მაგრამ მიდგომები რადიკალურადაა შეცვლილი. მაგალითად, ყოველ 5 დღეში 3 გვამი სტაბილურად არ გამოდის იქიდან, პატიმრები რიგ-რიგობით, ხშირად საწოლზე ქამრებით ჩამოკიდებულები აღარ იძინებენ, მაგალითად ის, რომ შეურაცხმყოფელად შუა ოთახში არ უწევთ მოსაქმება, უფრო მეტიც - გარდა სხვა სერვისებისა, დღეს მათ C ჰეპატიტის მკურნალობასაც სთავაზობენ, რომელიც ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო და შემდეგ სამოქალაქო სექტორში," - განაცხადა ხუნდაძემ.