ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ამორალურია, როცა სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს.
მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილის პერიოდში პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
"ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ედგა იმ სისტემას სათავეში, რომლის პირობებშიც ადამიანებს სიცოცხლის უფლება ჰქონდათ წართმეული. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
ამ სისტემის ავტორი, კლინიკაში მისთვის მკურნალობის გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს. ყველას გვავიწყდება ამაზე მსჯელობის დროს, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს, თუ გინდათ, რომ ვიმკურნალო, მოდი, ეს პირობები შემისრულეთო - ამორალურია. მას შეუძლია დაუჯეროს ექიმებს და დამთავრდება, აღმოიფხვრება პრობლემა და მთელი ეს პიარკამპანია ჩაეშლება, სწორედ ამიტომ არ აკეთებს ამას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.