01 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 15 ივნისს 11 საათზე გაგრძელდება

"რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 15 ივნისს, 11 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლეთა კოლეგიამ მხოლოდ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა განიხილა. დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი მოსამართლეთა კოლეგიას ერთ-ერთი მოსამართლის, ოთარ სიჭინავას აცილებას სთხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მხარეებს ასევე გასაცნობად გადაეცათ საიას დასკვნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოამზადა. მომდევნო სხდომაზე გაირკვევა დაერთვება თუ არა საქმეს ეს დასკვნა მტკიცებულებად. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავის 2-ის 60%-იან წილზე დაობენ. მათი ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მხრიდან ვერ მოისმინა დასაბუთებული არგუმენტი, რის გამოც არ მოხდა შუამდგომლობის დაკმაყოფილება. 

"ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ვერ გავიგეთ უბრალოდ რის გამო არ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა. ითქვა, რომ ეს არ არის საკმარის იმისთვის, რომ აცილება მოხდეს. ჩვენ ნდობა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე პოლიტიკური გავლენებისაგან დაცლილი იქნება ოთარ სიჭინავა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს,"-აცხადებს კახა კოჟორიძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორს პაატა სალიას, რომელიც აცხადებს, რომ ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე მხარეს არ სურს კონკრეტული მოსამართლე იხილოს სასამართლო დარბაზში. 

"აპელანტებმა დაასახელეს რამდენიმე გახმაურებული საქმე, სადაც მონაწილეობდა ოთარ სიჭინავა და თქვეს, რომ ის შეიძლება მიკერძოებული იყოს ამ საქმეში, ვინაიდან ამ საქმის ბედით დაინტერესებულია ხელისუფლება. დაუსაბუთებელი იყო შუამდგომლობა იმის გამო, რომ მხარეს სურვილი აქვს, რომ რომელიმე მოსამართლე არ იხილოს სასამართლო დარბაზში, არ შიძლება ის დაკმაყოფილდეს,"-აცხადებს პაატა სალია. 

 

დღის ამბები