15 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
არასდროს მინახავს უკრაინისადმი ისეთი მხარდაჭერა, როგორიც საქართველოში ვნახე, ყოველ მეხუთე ფანჯარაში უკრაინის დროშაა, მთავრობა თანმიმდევრულად გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ - ჯონათან ჯანოგლი

არასდროს მინახავს ასეთი მხარდაჭერა უკრაინისადმი, როგორც ეს საქართველოში ვნახე. თბილისში ყოველ მეხუთე ფანჯარაზე უკრაინის დროშაა გადმოფენილი,  მოაწყვეს უზარმაზარი დემონსტრაციები.  მთავრობა თანმიმდევრულად გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ, გაეროში ხმას აძლევს დასავლეთის ანტირუსულ რეზოლუციებს“,- ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე, ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ,  ყოველკვირეულ პოდკასტზე “Geostrategy 360°” ისაუბრა.

მისი თქმით,  პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველო უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და დიდი რაოდენობით დახმარებას უგზავნის.

,,ისინი ახორციელებენ სრულ ფინანსურ სანქციებს რუსეთზე,  მაგრამ საკითხავია, უნდათ თუ არა მათ დიდი დათვის კუდის ზედმეტად მოქაჩვა, როცა ასე ახლოს არიან. პრაქტიკული თვალსაზრისით, ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და დიდი რაოდენობით დახმარებას უგზავნიან. მე ვნახე უკრაინული გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, სადაც უკრაინელები თვლიან, რომ საქართველო მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მათ ყველაზე მეტ დახმარებას აძლევს. ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა ვართ, არ ვართ ზესახელმწიფო, მაგრამ ვართ ძალა და ჩვენ გვაქვს იარაღის მწარმოებელი ინდუსტრია, რომელსაც შეუძლია იარაღის მიწოდება, საქართველოს კი არა. თუ თავს დაგვესხმებიან, ალიანსის მხარდაჭერა გვაქვს - საქართველოს კი არა. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მათ ნატოში შესვლა უნდათ. მათ ალიანსს მიმართეს ისევე, როგორც მიმართეს ევროკავშირს. ეს საკითხი რეალურად საქართველოსთვის არის, რადგან სტამბოლში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინამ მიანიშნა, რომ შესაძლოა ნეიტრალიტეტი განიხილონ ანუ ნატოში გაწევრიანების განაცხადზე უარს იტყვიან, რეფერენდუმის შედეგიდან გამომდინარე. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან შესაძლებელია უკრაინამ, როგორც დიდმა ქვეყანამ, თვითონ შეძლოს კბილებამდე შეიარაღება და გადავიდეს შვეიცარიის ტიპის ნეიტრალიტეტზე, მძიმედ შეიარაღებულ ნეიტრალიტეტზე. საქართველოსთვის ეს ძალიან რთული იქნება. უკრაინის ომის პირველ დღეს, უფრო მეტი მიწა იქნა წაღებული, ვიდრე ეს საქართველოშია. ასე რომ, მხოლოდ ზომის თვალსაზრისით, მათი უსაფრთხოება ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ნატოში გაწევრიანების მიზანთან. ასე რომ, თუ უკრაინა ნეიტრალურ მდგომარეობაში იქნებოდა, მაშინ რუსეთი ყურადღებას საქართველოზე გადმოიტანდა, თუ ისინი კვლავ განაცხადებდნენ ნატოში გაწევრიანებაზე. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ დასავლეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს შავი ზღვის უსაფრთხოებასა  და სტრატეგიას არა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან მიმართებით," - აცხადებს ჯონათან ჯანოგლი.

 

 

დღის ამბები