15 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატოში გაწევრიანება - შვედეთის პრემიერი

შვედეთი და შვედი ხალხი ახალ, სახიფათო რეალობაში ცხოვრობენ. თუ ნატოში არ გავწევრიანდებით, ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით - ამბობს შვედეთის პრემიერი.

დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიები, რაც ნატოში გაწევრიანების შედეგად ექნება. მანამდე შვედეთის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანების განაცხადზე მუშაობას იწყებს.  

ჩვენ "სოციალ-დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატოში გაწევრიანება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ძალიან ფრთხილი განხილვის შემდეგ. ძალიან ნათელია, რომ არსებობს რეალობა 2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგ. ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობენ ახალ, სახიფათო რეალობაში. ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, რომელზეც შვედეთი საკუთარ უსაფრთხოების პოლიტიკას საუკუნეების მანძილზე აფუძნებს, თავდასხმის ქვეშაა.

რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში არა მხოლოდ უკანონო და გაუმართლებელია, არამედ ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს, რომელზედაც შვედეთი აშენებს თავის უსაფრთხოებას. კრემლმა აჩვენა, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ძალადობა თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მათ წამოაყენეს მიუღებელი მოთხოვნები მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობლების, მათ შორის შვედეთის დამორჩილების შესახებ," - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. 

შვედური მედიის ინფორმაციით, სტოკჰოლმი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, ხვალისთვის, 17 მაისისთვის აპირებს.



დღის ამბები