ნიკა გვარამიას ადვოკატი, მისი დაპატიმრების შესახებ მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართაც კი რეპრესიული მანქანა ამოქმედდა.
"სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ერთადერთი რამის თქმა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ, მწარედ ცდება. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აშკარად აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ.
დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს ეს. მედიის წარმომადგენლების მიმართაც კი რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და უკვე ნიკა გვარამია იქნა აყვანილი პოლიტიკურ პატიმრობაში. მისი გათავისუფლებაც, ბუნებრივია იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაჭერა იყო," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.
ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. კახა დამენიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმად 50 000 ლარი დაეკისრა.