15 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტმა თავისი სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა დაუპირისპიროს" - ოპოზიცია პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვს

ოპოზიცია პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ითქვა, რომ ახლა ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა, რადგან მედია მენეჯერის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებსაც აზიანებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტმა  თავისი სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა დაუპირისპიროს.

"მიუხედავად ნიკა გვარამიას განცხადებებისა შეწყალებასთან დაკავშირებით, მე ვამბობ, რომ შეწყალება კი არ სჭირდება ნიკა გვარამიას ან ვინმეს, ზუსტად იმ ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც დღეს სასამართლომ მიიღო - პრეზიდენტმა უნდა დაუპირისპიროს თავისი სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, მე ამას მივესალმები," - განაცხადა ვაშაძემ.

პარტია "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტის ხელში მხოლოდ ერთი ადეკვატური სვლა არსებობს და ეს გვარამიას შეწყალებაა.

"ეს იმდენად ღია პროცესია, რომ პრეზიდენტი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაზე, არა მგონია ვერ ხედავდეს ამ გადაწყვეტილების საფრთხეს და საშიშროების ხარისხს. მგონია,რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ხელში მხოლოდ ერთი ადეკვატური სვლა არსებობს," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიჩენს საღ აზრს და ქვეყნის პერსპექტივას პოლიტიკურ ამოცანებს არ გადააყოლებს.

"ეს საკითხი ეხება არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ ეხება იმას, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებას, მზად არის მოაშოროს ქვეყანას პრობლემა, რომელიც მას შეუქმნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, არა როგორც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან მიმართებაში, არამედ როგორც პრეზიდენტმა ამ ქვეყნის მომავალთან მიმართებაში, ამიტომ, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიჩენს საღ აზრს და პოლიტიკურ ამოცანებს, ბოღმას, თანამდებობას არ გადააყოლებს ამ ქვეყნის პერსპექტივას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები