15 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
"ისეთი ადამიანების შეწყალება, ვინც წლების მანძილზე სჩადიოდა დანაშაულებს და მტკიცებულებები არსებობს, სწორი არ არის" - მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნაზე

ოპოზიცია პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ითქვა, რომ ახლა ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა, რადგან მედიამენეჯერის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებსაც აზიანებს. ოპონენტების ნაწილის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება "ქართული ოცნება" - მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას საქმის სამართლებრივ ნაწილზე მიუთითებს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გახმაურებული სასამართლოების შემდეგ წარსულშიც იყო საუბარი რაღაც განცდებზე, თუმცა მისი თქმით, მაგალითად "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო ქართულ მართლმსაჯულებას დაეთანხმა.

"ყოველი გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ოპოზიცია და მედია საუბრობდა რაღაც განცდებზე. რუსთავი 2-ზეც იყო იმის განცდა, რომ იხურებოდა იმიტომ, რომ იქ ისმოდა კრიტიკული აზრი და ა.შ. რომ სასამართლო იყო უკანონო და ა.შ. ჩავიდა სტრასბურგში ის განაჩენი, რაც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის სასამართლო სრულად ეთანხმებოდა იმ განაჩენს. აქვთ ნიკა გვარამიას ადვოკატებს იმის შესაძლებლობა რომ ზემდგომ ორგანოებში გაასაჩივრონ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, სტრასბურგშიც გაასაჩივრონ შემდგომში და ვნახოთ...

შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და მისი საქმეა, თუმცა ნიკა გვარამია, რამდენადაც მე მახსოვს, ამ პროცესამდე თვითონ ამბობდა რომ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის შეწყალება, რაღაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია," - განაცხადა დავითულიანმა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, ოპოზიციის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნას ეხმაურება. მისი თქმით, ისეთი ადამიანების შეწყალება, ვინც წლების მანძილზე სჩადიოდა დანაშაულებს და ამის მტკიცებულებები არსებობს, სწორი არ არის.

"ბატონმა გვარამიამ პირადად მიმართა თავის ოჯახს, რომ არ მიმართონ პრეზიდენტს და პრინციპში მართალიც არის, ამ შემთხვევაში გვარამიას პოზიციას ვიზიარებ, იმიტომ რომ მთელი მისი გუნდი სულ ლანძღავდა, აგინებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ახლა შეწყალებაზე რომ მიმართონ - ვხვდები მის უხერხულობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუმცა მგონია რომ ის ვინც არღვევს უფლებებს, ის ვინც წლების განმავლობაში სჩადიოდა ისეთ დანაშაულებს, რომელთა კონკრეტული მტკიცებულებებიც არის, მაგალითად ბატონი სააკაშვილის მიმართ, ასეთი ადამიანების შეწყალება, ჩემი აზრით, არ არის სწორი," - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები