საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა - ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ქართული მხარე ცდილობს, ევროპელი პარტნიორები დაარწმუნოს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებაში, ასევე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყურადღებას ამახვილებს ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში შეხვედრებს ძალიან დიდი იმპულსი ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
"მიმდინარეობს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა. სწორედ ამ სხდომის ფარგლებში, მაქვს შესაძლებლობა ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვისაუბრო საქართველოს ევროპულ მომავალზე. როგორც იცით, სულ ახლახან, საქართველომ დაასრულა და ვადაზე ადრე ჩააბარა ევროკავშირს კითხვარის ორივე ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ შეხვედრებზე ჩემს კოლეგებთან ვსაუბრობ იმ მოლოდინებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრებს ექნება თავისი მნიშვნელოვანი იმპულსი ამ პროცესში.
ახლახან შევხვდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საერთო განწყობები არის რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მიმართ პოზიტიური. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში რა თქმა უნდა ძალიან ღიად და ძალიან თავისუფლად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე.
ტრიოს ფორმატის ერთიანობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იქნება მთავარი სიგნალი, რომ ასოცირებული სამმა წევრმა ქვეყანამ ევროკავშირში უნდა გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ, ჩვენი მთავარი გზავნილიც ჩვენს პარტნიორებთან სწორედ ეს არის, რომ ტრიოს ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოცემულ მომენტში და ეს გზავნილი ჩვენ გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისთვის," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამ შეხვედრების პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ამ წუთებში უკრაინელ კოლეგას უსმენენ. დმიტრო კულება აუცილებელ სანქციებსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობს.
"დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხებია, მათ შორის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი. ჩვენ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ დასრულდება ეს საგა. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპული ქვეყნები ყოველდღიურად აგრძელებენ რუსეთისთვის გაზსა და ნავთობში მილიონობით ევროს გადახდას და სწორედ ეს ფული გამოიყენება რუსული ომის მანქანის, მისი აგრესიისა და სისასტიკის დასაფინანსებლად. ასე რომ, ევროკავშირი ფაქტობრივად ორჯერ იხდის - ჯერ უკრაინის, შემდეგ კი რუსეთის დაფინანსებით. მას შემდეგ კიდევ მოუწევს გადახდა უკრაინის მიწაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ნგრევისთვის. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. რუსეთისთვის გაზისა და ნავთობის სანქციების დაწესება ემსახურება არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის ინტერესებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საგარეო საქმეთა საბჭოზე განვიხილავთ, არის უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა შესაბამისი მომენტია და ჩვენ ვიმუშავებთ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ისევე როგორც კომისიასთან, რათა პოზიტიურ შედეგებს მივაღწიოთ", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.