"რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. სასამართლოს დარბაზში მთავარი არხის დირექტორის დაპატიმრების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი მისმა მეუღლემ გააკეთა. სოფიო ლილუაშვილმა თქვა, რომ ხანგრძლივი და უკომპრომისო სამართლებრივი ბრძოლისთვის მორალურად მზადაა.
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს მისი თანამშრომლები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. არხის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნით არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.
ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან რუსთავის N12 დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს. მასთან ერთად განსასჯელის სკამზე დღეს "რუსთავი2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია და "ინტერმედია პლიუსის" დირექტორი ზურაბ იაშვილიც ისხდნენ. იაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, დამენიას კი სასჯელის სახით 50 ათასი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეზე დავას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.
პარალელურად, ნიკა გვარამიას თანამოაზრეები დასავლელ პარტნიორებს თხოვნით მიმართავენ, ბრძოლაში დახმარება გაუწიონ.
"ქართველი ხალხის და ჩვენი კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ, გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება, ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ, სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი", - ამბობს გიორგი გაბუნია.
რაც შეეხება გვარამიას ბრალეულობას, საუბარია 6 მილიონ 700 ათასი ლარის ზარალზე, რომელიც მან ტელეკომპანიისთვის მიაყენა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც "რუსთავი2"-ის კანონიერმა მფლობელმა ტელევიზიის დაბრუნებისთვის დავა სასამართლოში დაიწყო. სასამართლომ ჩათვალა, რომ გვარამიამ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, კომპანიას მიზანმიმართული ფინანსური ზიანი მიაყენა, რაც სარეკლამო შემოსავლიდან მიღებული თანხების არაკეთილსინდისიერ განკარგვაში გამოიხატა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს ნიკა გვარამიას ადვოკატი.
ნიკა გვარამიას ქმედებას, მედიის წინააღმდეგ ჩადენილ მიზანმიმართულ დანაშაულად აფასებს პროკურატურა. საგამოძიებო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდება სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური წერილით გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მფლობელი ამბობს, რომ გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე დაიწყო ტელევიზიისთვის ფინანსური ზიანის მიყენება. "რუსთავი2"-ის მფლობელი, რამდენიმემილიონიანი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ახალ სარჩელს სასამართლოს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორიც არხისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ფორმით ყოფილი დირექტორი მედიასაშუალების სრულად გაჩერებას გამიზნულად ცდილობდა. პაატა სალიას თქმით, კომპანიას ამ დრომდე ფინანსური პრობლემები აქვს.