200 წლიანი ტრადიცია დაირღვა - შვედეთი, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში პრინციპულად არცერთ სამხედრო ალიანსში არ შედიოდა, ხვალ ნატოს წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს. სტოკჰოლმს ახალი რეალობის ეშინია, რომელიც პუტინმა უკრაინაში შექმნა.
"თუ ნატოში არ გავწევრიანდებით, ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით", - ამბობს შვედეთის პრემიერი. წევრობა სურს, თუმცა ნატოს ბაზებისა და ბირთვული არსენალის გარეშე, ასეთია შვედეთის პირობა სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად.
ნატო რუსეთს უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი საზღვრიდან მიუახლოვდეს, რომლის სიგრძე 1 300 კილომეტრია, საუბარია ფინეთზე, რომელსაც მოსკოვთან ძველი ანგარიშები აქვს. რუსეთს მისი ტერიტორიების 11% აქვს მიტაცებული, ახლა კი ჰელსინკს შანსი აქვს ნატოსთან ერთად უკვე რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქის, პეტერბურგის კარზე დააკაკუნოს.
პირობა არსებობს, ახლა კი ჯერი ნატოს წევრ 30 ქვეყანაზეა, რომელშიც ჯერ ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. ოფიციალური ანკარა ამ ეტაპზე ჩრდილოეთის ქვეყნების ნატოში მიღების წინააღმდეგია, უფრო მეტიც პრეზიდენტი ერდოღანი ორივე ქვეყანას ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
სანამ ანკარასა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მოსკოვის მუქარის ტონი სულ უფრო მკაცრი ხდება. "დიდი შეცდომა, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები მოჰყვება", - ასეთია კრემლის პასუხი ფინეთისა და შვედეთის ნატოში სწრაფვაზე. რუსეთმა უკვე მოქმედებაც დაიწყო და მეზობელ ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. პუტინი ფინეთის საზღვართან იარაღსაც აჟღარუნებს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლის თანახმად, მოსკოვი საზღვართან ისკანდერის ტიპის ტაქტიკურ რაკეტებს გზავნის.
შვედეთის პრემიერი უსაფრთხოების მეტ გარანტიებს მოითხოვს და მიაჩნია, რომ ნატოს წევრობის ამბიცია, მისი ქვეყნის 200-წლიან სტატუს-კვოს შეცვლის.
24 თებერვლის შემდეგ, ევროპაში კრემლის ქმედებებმა წააქეზა ფინეთიც, რომელიც შვედეთის მსგავსად ნატოს ღია კარს ელის. ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ნატოში გაწევრიანების საკითხზე დღეს იმსჯელეს. რიგში მდგომმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს დაპირებაც, რომ ისინი მალე ალიანსის წევრები გახდებიან, თანაც დაჩქარებული წესით. თუმცა წინ მაინც დიდი გზაა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნატოს წევრი 30-ვე სახელმწიფოს პარლამენტების თანხმობა სჭირდება. მიიჩნევენ, რომ ოფიციალური ანკარა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ფინეთისა და შვედეთისთვის სივრცეს ჯერ ვერ ხედავს. მიზეზიც აქვს დანატოს რიგში მდგარ ორ ქვეყანას ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში ღიად ადანაშაულებს. დღეს, თურქეთში შვედეთსა და ფინეთს ისიც კი დაუთვალეს, რამდენჯერ თქვა უარი ამ ორი ქვეყნის მთავრობამ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" და გიულენის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი ადამიანების ექსტრადირებაზე.
სკეპტიკოსების ხისტი პოზიციების ფონზე, ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა აღელვებთ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, ნატოს წევრობის მსურველების ბედზეც მსჯელობდნენ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში აგრესორ სახელმწიფოს ფინეთიდან და შვედეთიდან ნელ-ნელა უახლოვდება. მომდევნო სამიტი ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს, ესპანეთის დედაქალაქი კი შესაძლოა ნატოს შემდგომი გაფართოების ადგილადაც იქცეს.