მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, თავად მმართველ პარტიაშიც აფასებენ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი განცხადებები არა აღქმაზე, არამედ ფაქტობრივ მონაცემებეზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ნიკოლოზ სამხარაძის გაცხადებით, თუ ვიოლა ფონ-კრამონი მიკერძოებულ განცხადებებს არ გააკეთებს, მაშინ არც მმართველი გუნდის მხრიდან ექნება ადგილი ამ განცხადებების კრიტიკას.
"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დასაჯოს კრიმინალი და არ დასაჯოს კრიმინალი იმიტომ კი არა, რომ ის კრიმინალი არ არის, არ დასაჯოს ის იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკოსი, ეს ჩემთვის არ არის ევროპული ფასეულობები და ევროპული ღირებულებები. ნებისმიერი განცხადებები უნდა იყოს არა აღქმებზე დაფუძნებული, არამედ ფაქტობრივ მონაცემებზე. თუ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, მაშინ არც ჩვენი მხრიდან არ იქნება ამ შემთხვევაში ამ განცხადების კრიტიკა," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, გარკვეული წარმომადგენლები ევროკავშირში, თავს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევენ.
"გარკვეული წარმომადგენლობა ევროკავშირში, აძლევს თავს უფლებას, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერთოს. თან ამას შემდეგ ამართლებენ, რომ აღქმა აქვთ თურმე არასწორი.
როდესაც სამადაშვილს შეხვდები, სალომეს და მერე ამის შემდეგ გააკეთებ ასეთ განცხადებას, ბუნებრივია იქნები მსხვერპლი იმ აღქმის, რაც აქვს ქალბატონ ფონ კრამონს მაგალითად.
სხვათა შორის, ერთ რამეში ვეთანხმები, მან სწორად ახსენა სიტყვა რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი და სწორია. მე პირველად მოვისმინე ასეთი სამართლიანი განცხადება და მე მგონია, რომ უკვე შედეგი გამოიღო, როდესაც ვამბობთ ჩვენ და არგუმენტებით ველაპარაკებით, იქიდან იყო პასუხი, რო დიახ სააკაშვილის რეჟიმს ისიც ებრძოდა და სწორი ინფორმაციაა. თუმცა, მეორე ნაწილს, სადაც ის საუბრობს, რომ თურმე ეს ყველაფერი პრობლემაა და მერე აღქმას აყოლებს, ეს ნიშნავს, რომ არასწორი მიდგომა არის. სანამ რამე კონკრეტულ ბრალდებას წამოაყენებენ აღქმის საფუძველზე, მე ვისურვებდი, რომ მობრძანდნენ, ჩამობრძანდნენ, გაეცნონ საქმეს," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.