მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის პროცესი მან 15 ივნისამდე გადადო, მიზეზად კი ექსპრეზიდენტის სხდომაზე არყოფნა დაასახელა.
საქალაქო სასამართლოს დღეს 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე უნდა ემსჯელა. თუმცა ადვოკატებს ერთი შუამდგომლობაც ჰქონდათ, დაცვა სააკაშვილთან კლინიკაში ცენტრი ემპათიის ექსპერტების დაშვებას ითხოვდა.
ექსპრეზიდენტს კლინიკაში კვლევები უკვე ჩაუტარდა და "ვივამედმა" ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვრცელი დასკვნაც მოამზადა. 400 გვერდიან დოკუმენტს სააკაშვილის პირადი ექიმი ეცნობა და გეგმავს, რომ დეტალებზე ხვალ ისაუბროს.
ექსპრეზიდენტს დღესაც სტუმრობდნენ თანაგუნდელები და ინტერესების დამცველები. პალატიდან გამოსულებმა, მედიას სააკაშვილის წერილის შინაარსიც გააცნეს, სადაც ის წერს, რომ ხერხლემალზე ტრავმა დაუდგინდა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. საპირისპიროს ამტკიცებენ კლინიკა "ვივამედში", სადაც აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
"ქართული ოცნების" ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მხოლოდ მანიპულირებენ და ამით ხელოვნურ პრობლემას ქმნიან. მმართველი გუნდის დეპუტატები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროებას ვერ ხედავენ და მიაჩნიათ, რომ კლინიკაში მას ყველა საჭირო კვლევა უტრდება. ექსპრეზიდენტს კი ურჩევენ, ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
კლინიკის ეზოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც შეიკრიბენენ. დღის ბოლოს კი ექსპრეზიდენტი დედამ მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან "ვივამედში" 12 მაისს გადაიყვანეს.