16 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის ნაცვლად "პოტენციური კანდიდატი" - სოროსის ფონდის ევროკავშირის პროგრამების ხელმძღვანელის განცხადება პოლიტიკური განხილვის საგნად იქცა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოში სოროსის ფონდის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელის ტვიტს პასუხობს. ვანო ჩხიკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირს ურჩევს, კანდიდატობის ნაცვლად, საქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. მამუკა მდინარაძე ამ რეკომენდაციის მიღმა პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს ეწინააღმდეგება.

გავლენიანი ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს დღეს დამატებითი განმარტების გაკეთება მოსთხოვეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც. პარტიებში, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, მიიჩნევენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

პოლიტიკოსების განცხადებებს "ფეისბუქით" მალევე უპასუხა ტვიტის ავტორმა . ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ დროისთვის, კონსენსუსი არ აქვთ. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება ე.წ. "ალბანური მოდელის" მიხედვით ოპტიმალური გამოსავალია.

ჩხიკვაძის განმარტებასაც მანიპულაციურად მიიჩნევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროკავშირი მსგავსი მიდგომებით კანდიდატობის მსურველ ქვეყნებთან არ მოქმედებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ანალიტიკოსებსა და ოპონენტებს ახსენებენ, რომ ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მეგობრებზე კარგად ასრულებს, რასაც რეიტინგებიც ადასტურებენ.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროგაერთიანებამ ერთ თვეში უნდა მიიღოს. ქვეყანამ განაცხადით, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირს მიმდინარე წლის 3 მარტს მიმართა.

დღის ამბები