22 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
კაკულიებმა მიმალვა 100-ზე მეტი კამერის თვალწინ სცადეს - "კურიერმა" ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

ვაკეში, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ძმებმა კაკულიებმა მიმალვა 100-ზე მეტი კამერის თვალწინ სცადეს.

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია არაყიშვილის ქუჩიდან კოსტავას მოედნამდე ბრალდებულების გადაადგილების თითქმის ყველა ნაბიჯი. "კურიერმა" ვიდეოჩანაწერების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა, გადავიღეთ მარშრუტი, რომელიც თავდამსხმელებმა გაიარეს.

გამოძიების ვერსიით, ძმები კაკულიები არაყიშვილის ქუჩაზე მოპედებით და ჩაფხუტებით მივიდნენ და სერგი ქურთიაშვილს 15 ტყვია ესროლეს. შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ კი, ტერიტორია ამ კამერების თვალწინ დატოვეს. "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ბრალდებულები არაყიშვილის ქუჩიდან მზიურის ტერიტორიაზე შევიდნენ. ჩაფხუტებით შენიღბული ძმები მიმალვას, ამჯერად, პარკში დამონტაჟებული კამერების თვალწინ ეცადნენ. მიმართულება რაგბის კავშირის შენობისკენ გასასვლელია. სავარაუდოდ, აქ იცვლიან ძმები კაკულიები ჩაფხუტებს და გზას კეპიანი ქუდებით განაგრძობენ. "კურიერმა" გაარკვია, რომ მზიურის პარკიდან გასვლის შემდეგ, ბრალდებულებმა ხიდი და სავარაუდოდ, ზოოპარკი გაიარეს. კადრებში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურიც ჩანს, სადაც ბრალდებულები ტაქსიში სხდებიან.

სად დატოვეს ბრალდებულებმა მოპედები - ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. სავარაუდო ვერსიაზე "კურიერს" დაჭრილი სერგი ქურთიაშვილის დედა უყვება. ეკა ორჯონიკიძე მისი შვილის და კაკულიების ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა შეიარაღებული ანგარიშსწორების მოტივზე არაფერი იცის.

"კურიერის" მიერ გავრცელებული ვიდეოს შინაარსი კაკულიებს ადვოკატმა ციხეში გააცნო. განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ გავრცელებულ კადრებში ისინი არ არიან.

რა გზით შემოვიდნენ ძმები საქართველოში, კაკულიების ადვოკატი ისევ არაფერს ამბობს. გამოძიების ინფორმაციით კი საზღვრის არალეგალურად კვეთა, სავარაუდოდ, ბოლო 10 თვეში მოხდა. ძიება კონკრეტული თარიღის დადგენას ცდილობს.

სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების სახელი ნიკო კვარაცხელიას საქმეშიც ფიგურირებს. დაკავებულები ბრალსაც უარყოფენ და სხვა საქმეებთან კავშირსაც გამორიცხავენ. არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის საქმის არსებითი განხილვა კი 21 ივლისს დაიწყება.

დღის ამბები