დღეს, ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მას შემდეგ,თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა, ოპოზიციამ მთავრობის თავმჯდომარე ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.
ანგარიშის წარდგენის პირველმა ნაწილმა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, კითხვა - პასუხის დროს კი, ოპოზიციამ თორნიკე რიჟვაძეს ბრალი კორუფციასა და ნეპოტიზმში დასდო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრა, რომ რეგიონში, ვითარებას მართავდა რიჟვაძის მამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. სწორედ ამას მოჰყვა აჭარის მთავრობის თავმდჯომარის გაღიზიანება და თორნიკე რიჟვაძემ ბრალდებებს აბსურდული უწოდა. მისი თქმით, იგი ოპონენტებს ოჯახის წევრების მისამართით შეურაცხყოფას არ მოუთმენდა.
ამის შემდეგ, სხდომაზე ვითარება დაიძაბა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარე იძულებული გახდა, 30 წუთიანი, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა. შესვენების შემდეგ, გამოსვლა მომხსენებლებმა დაიწყეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმში ბევრი ტურისტული ობიექტი განადგურდა და მისი კითხვა, ახლად შექმნილ ობიექტებს შეეხებოდა.
"უმუშევრობაც მცირდება, მშპ - ც იზრდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ყველაფერი არის კარგად - ამას ასხივებდა დღეს თავისი სახით გამომეტყველებით ბატონი რიჟვაძე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში იგდებდა თავს. რაც შეეხება ტურიზმზე, ჩემი კითხვა იყო, თუ რა არის ის ტურისტული ობიექტები, რომლებიც ახალი შექმენით ბათუმში იმიტომ, რომ მე ვიცი, რა განადგურდა ბათუმში - ეს არის ახალი ბულვარი, ჭაჭის კოშკი, გონიოს ბულვარი და ა.შ, ტურისტული ობიექტები, რომლებმაც უნდა მოიყვანონ ამ ქალაქში ტურისტი და გაკეთებული დავუტოვეთ, განადგურებული აქვთ", - აღნიშნა კირთაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი რიტორიკა არის ის, რაც საქართველოს ევროკავშირთან ყველაზე მეტად აშორებს.
"ანგარიში იყო ძალიან ობიექტური, ყველა პრობლემის საპასუხოდ იყო საუბარი, განსაკუთრებით კი გამოვყოფდი ბათუმის ავარიული სახლების პროგრამას - ასეთი პროგრამა ისტორიაში პირველად ხორციელდება. ვფიქრობ, ყველა საკითხს, ყველა გამოწვევას შეეხო და იყო ძალიან საინტერესო, დავსვით საინტერესო შეკითხვები, მაგრამ ოპოზიციამ თავისი ქცევით და შეურაცხმყოფელი რიტორიკით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთადერთი, რაც დღეს ჩვენ ევროკავშირთან ყველაზე მეტად გვაშორებს, ზუსტად "ნაციონალური მოძრაობის" ეს ქცევაა, რასაც ჩვენ ვერ ვუშველით, ვერ შევცვლით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებზე საზოგადოება ამას პასუხს გასცემს",- განაცხადა მგალობილშვილმა.