ანგელა მერკელმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პირველ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წელს უკრაინა და საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ იყვნენ. გერმანიის ყოფილი კანცლერის თანახმად, ის ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან მას რუსეთთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება სურდა.
"დიდად სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა, მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ, რომ არ შევეცადე", - განაცხადა მერკელმა.
გარდა ამისა, გერმანიის ყოფილმა ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში "საერთაშორისო სამართლის სასტიკ უგულებელყოფას" გამართლება არ აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს იყო აშკარა "არასწორი გათვლა", რამაც გაათამამა რუსეთი.