"შინ ევროპისკენ - ევროკავშირის პასუხის მოლოდინში", - 20 ივნისს ორგანიზაცია "სირცხვილიამ" აქცია დააანონსა. აქტივისტები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების შესახებ.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა აქციაზე მისვლა უკვე დააანონსა ოპოზიციის ნაწილმა.
ორგანიზაცია "სირცხვილიას" აქტივისტის მარიამ დოლიძის თქმით, აქციაზე ევროკავშირის კანდიდატობის მომლოდინე სამივე ქვეყნის დროშა გაიშლება და შესაძლოა შეკრებილ საზოგადოებას ევროპარლამენტარებმაც მიმართონ.
"აქციაზე შევიკრიბებით პარლამენტის წინ, გავშლით სამივე ქვეყნის დროშას, რომლებიც ახლა მოლოდინში ვართ - მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს დროშებს. მსვლელობით დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ, აქციაზე ასევე შესაძლებელია მოგვმართონ ევროპარლამენტარებმა, ცნობილმა ქართველებმა, რომლებიც ჩვენი, ასე ვთქვათ, ელჩები არიან მსოფლიოში, რომლებსაც ევროპაც იცნობს, ქართველებიც ვიცნობთ და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ამის შემდეგ დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და იქ კიდევ ერთ პატარა სიურპრიზს დავახვედრებთ საქართველოს მოსახლეობას," - ამბობს მარიამ დოლიძე.
ორგანიზაცია "სირცხვილიას" დირექტორის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსები არ გამოვლენ და მიკროფონი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებას დაეთმობა.
"აქციის ორგანიზებაში მონაწილეობენ მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციები და ამაში ჩართული არ არიან პოლიტიკური პარტიები, ასევე, აქციაზე პოლიტიკური პარტიები სიტყვით არ მიმართავენ შეკრებილ საზოგადოებას. ძირითადად სიტყვა დაეთმობათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველასთვის ნაცნობ ადამიანებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა განცხადება და ისინი მხარს უჭერენ აქციას და უერთდებიან, ჩვენ მოხარული ვართ, რაც მეტი ადამიანი და ჯგუფი შემოუერთდება ამ აქციას, უკეთესია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ აქციაზე არ იქნება პოლიტიკოსების გამოსვლები," - აცხადებს მჟავანაძე.