პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის მთავარი ინიციატორი ევროპის სახალხო პარტია იყო, რომლის შვილობილი პარტია და მთავარი მოკავშირე "ნაციონალური მოძრაობაა".
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს წინააღმდეგ "ათას სისულელეს ავრცელებენ" :
"გახსოვთ, რომ პარლამენტში ვთქვი და ღიად დავდე ბრალი პირდაპირ, რამდენიმე გვარიც გავაჟღერე, ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საუბარი არ არის მთავრობაზე და მმართველ გუნდზე, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ავრცელებენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება, ასეთი უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღებით, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც ვთქვი და რაც ჩვენმა გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს. ერთის მხრივ, გამოვიდნენ და შეიცხადა ყველამ - როგორ გვაკადრებთ ამას და როგორ ვიკადრებთ, თუმცა არ უკადრებიათ, თუ რა? გახსოვთ, რომ როდესაც უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქებზე დადიოდნენ ევროპაში, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, ანუ დაესაჯათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ახლა მოახერხეს და რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ არა, ამის ილუზია არავის აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ როლი შეასრულეს და გამოიყენეს მათი ეს განცხადებები და საბაბად, ეს საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი მიწოდებული ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.