მაშინ, როდესაც ხელისუფლება ისედაც მართავდა კონსულტაციებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, პარლამენტისთვის იმავე საკითხზე მიემართა, რომ რაღაცნაირად ლიდერის ფუნქცია მოერგო - ამის შესახებ სოზარ სუბარმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ქართული ოპოზიცია არ ცნობდა როგორც პრეზიდენტს, არ ცნობდა მის არსებობას, შარლ მიშელის კონსულტაციების პერიოდში, როცა ოპოზიციამ ცნო, რომ თურმე ეს პრეზიდენტი არსებობს, მას უცებ მოეწონა ლიდერობა და გადაწყვიტა, რომ ამ თემაში ყოფილიყო ლიდერი.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოითხოვა სასწრაფოდ, კონსტიტუციის დარღვევით, მოწვეულიყო პარლამენტის სხდომა 5 მარტს იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი სათქმელი, რომელიც გადადებას არ ითმენდა, თუმცა, ამაზე პარლამენტმა თანხმობა მისცა, რადგან ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა.
სოზარ სუბარმა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილი ვიზიტები ოთხ ქვეყანაში, რომელზეც საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, თუმცა, მან გადაწყვიტა, არ დამორჩილებოდა კონსტიტუციას და მაინც წავიდა, დაარქვა კერძო ვიზიტი.
"ეს მოვლენები განვითარდა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, როდესაც მან უცებ გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო ევროპაში, 4 ქვეყანაში აპირებდა ვიზიტის გამართვას და მაშინ საქართველოს მთავრობამ მას უარი უთხრა ამ ვიზიტზე. მან გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა კონსტიტუციას ამ შემთხვევაში, მაინც წავიდა, დაარქვა კერძო ვიზიტი, თუმცა კერძო ვიზიტი არ შეიძლება იყოს, როცა პრეზიდენტი მიდის და ხვდება სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ევროპარლამენტში, ევროკომისრებთან აქვს შეხვედრები. ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იყო და გაკეთდა ოფიციალური განცხადებები, პრაქტიკულად ეს იყო ყველანაირად ოფიციალური შეხვედრები.
ამ ფონზე უცებ იქ მოითხოვა მან, რომ სასწრაფოდ, ისევ კონსტიტუციის დარღვევით, მოწვეულიყო ძალიან სწრაფად პარლამენტის სხდომა 5 მარტს იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი სათქმელი, რომელიც გადადებას არ ითმენდა. ჩვენ ბუნებრივია ამაზე თანხმობა არ მივეცით, რადგან ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და არასწორი კომუნიკაცია იყო. როცა ჩამოვიდა და როცა თავის დროზე მოხდა მოსმენა, არაფერი განსაკუთრებული და არაფერი საჩქარო არ ჰქონდა სათქმელი, თუმცა როცა დღევანდელი გადასახედიდან ვუყურებთ და ვაკეთებთ ანალიზს, ყველა ამ ფაქტს ვაჯამებთ ერთად, ასევე გარკვეული ინფორმაციები მივიღეთ უკვე მკაფიო გახდა, რისი თქმაც უნდოდა მას და თქმა უნდოდა ერთი რამის - რადგანაც იმ პერიოდში უკრაინამ შეიტანა განაცხადი და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ დავიწყეთ კონსულტაციები ერთის მხრივ ევროპელებთან, მეორეს მხრივ ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებთან და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, მეორეს მხრივ მოლდოვასთან, რომ გვცოდნოდა რას აპირებდა მოლდოვა, რომ შეგვეტანა ჩვენც განაცხადი თუ არა, დაჩქარებას ჰქონდა თუ არა აზრი, თუ დავლოდებოდით 2024 წელს, როდესაც ისედაც ვაპირებდით განაცხადის შეტანას.
ამ დროს ქალბატონმა სალომემ, დანამდვილებით ვამბობ ამას ჩემი მხრიდან, გადაწყვიტა ჩამოსულიყო და სასწრაფოდ გაეკეთებინა ასეთი მოთხოვნა, დაეყენებინა პარლამენტის წინაშე, რომ რაღაცნაირად ლიდერის ფუნქცია მოერგო თავის თავზე. მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში მას ქართული ოპოზიცია უბრალოდ არ ცნობდა როგორც პრეზიდენტს და არ ცნობდა მის არსებობას, შარლ მიშელის ამ კონსულტაციების პერიოდში, როცა ოპოზიციამ ცნო, რომ თურმე ეს პრეზიდენტი არსებობს, მას უცებ მოეწონა ლიდერობა და გადაწყვიტა, რომ ამ თემაში ყოფილიყო ლიდერი. როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე, ერთიანობა იქნება კარგი და წარმატებული იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის გადასწრებაზე კი არ ვითამაშებთ, მართლა ერთად გავაკეთებთ ქვეყნის საქმეს," - განაცხადა სოზარ სუბარმა.