15 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ევროკავშირის დოკუმენტში ჩამოთვლილი პირობების შესრულებისთანავე საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის დოკუმენტში ჩამოთვლილი პირობების შესრულებისთანავე საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი პირობები, რომელთა შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

"კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროპული საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სამივე ქვეყანასთან მიმართებით. თუმცა, გვესმის, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას - იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება.

თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები