პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის დღევანდელ შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, იმედგაცრუების დრო არ არის, ეს არის ევროკავშირის გაფრთხილება, ქვეყანამ კი ეს დაიმსახურა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესს გაააქტიურებს თავის მხრიდან.
"შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ვერ გავექცევით. თუმცა ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა. თქვენც იცით, რომ დღეს არც იმედგაცრუების დროა და არც წუწუნის. ის, რაც დღეს მოგვივიდა, ეს არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ჩვენი ბრალია, ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, თუმცა დავიმსახურეთ. ისე ჩამოვრჩით ჩვენს 2 მეგობარსა და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?! არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია და კარგად ვიცოდეთ როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ასეთი რამ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა, ეს არის ის, რაც არავის არ უთქვამს აქამდე ჩვენთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება