"დროას" ლიდერს განცხადებების შესახებ, რომელიც მმართველ გუნდში გაკეთდა და ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე რუსული ფულის ჩარიცხვას ეხება, დღეს განმარტება არ გაუკეთებია.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია არის მგიმ - ოს საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ეს ყველაფერი ერთად აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომელსაც პასუხი უნდ გაეცეს.
"აშკარად, დღემდე, ელენე ხოშტარია საზოგადოებას სრულ ინფორმაციას უმალავს გადარიცხვებთან დაკავშირებით. როცა რაღაც იმალება, ამ დროს ბუნებრივია მძაფრდება ეჭვები. მის ინტერესებში უნდა იყოს, თუ დასამალი არაფერი აქვს, სრულად წარმოადგინოს ინფორმაცია იმ გადარიცხვების შესახებ, რომელიც მიიღო რუსეთიდან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.
სხვას, ჩვენ ბუნებრივია ამას არ მოვთხოვდით, მაგრამ როდესაც ყალბი ადამიანი გვეუბნება, რომ ის არის ყველაზე მთავარი ანტირუსი და მისთვის მიუღებელია ყოველივე რუსული, ამ დროს რუსულ ფულს იღებს და ეს მისთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს სიყალბე, რა თქმა უნდა აჩენს სერიოზულ ეჭვებს მით უმეტეს, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულის ჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და ხელს აძლევდა სწორედ რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია", -აცხადებს ირაკლი კობახიძე.