15 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
"დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა, არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ აქვს, ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა შენიშვნები" - ირაკლი კობახიძე მოსმენების კანონზე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტს არანაირი სამართლებლივი შენიშვნა არ ახლავს. 

"ჯერ არ ვიცით, როდის განიხილავს პარლამენტი ამ კანონს. მოგეხსენებათ, დღეს მორიგი სესია დაიხურა. არ ვიცით, შედგება თუ არა რიგგარეშე სესია. ამ ვადებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. რაც შეეხება თავად დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა, იქ რეალურად არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ არის წარმოდგენილი. ანუ გრძელდება იგივე ისტორია, სამწუხაროდ," - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ოპოზიციამ პარლამენტში ვერ წარმოადგინა ვერცერთი შენიშვნა. უფრო მეტიც, კანონის პროექტის მეორე მოსმენის დროს, ოპოზიციის მხრიდან, შეკითხვები არ ყოფილა.

"პარლამენტში ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი შენიშვნა. უფრო მეტიც, მეორე მოსმენის დროს, გამოსვლაც კი არ ქონიათ, კითხვაც არ დაუსვამთ. მოგეხსენებათ, რომ მეორე მოსმენა არის მთავარი ეტაპი კანონპროექტის განხილვის დროს. არცერთი გამოსვლა არ ჰქონიათ, სიტყვაც არ უთქვამთ კანონთან დაკავშირებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კანონპროექტი არის მთლიანად სუფთა სამართლებრივი და ყველანაირი თვალსაზრისით. ასევე, ვერცერთმა უცხოელმა პარტნიორმა, თუ ენჯეომ ვერ წარმოადგინა, ვერცერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ კანონპროექტის მიმართ. იგივე გრძელდება პრეზიდენტის შემთხვევაშიც, ვეტო დაადო, თუმცა, არა აქვს არცერთი სამართლებრივი შენიშვნა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ არის. ალბათ, გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები