26 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლება გააუქმა - შტატების ნაწილს აბორტის ამკრძალავი კანონები უკვე მიღებული აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლება გააუქმა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ცალკეულ შტატებს შეეძლებათ, ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება აბორტის პროცედურის დაშვება-აკრძალვასთან დაკავშირებით.

პროექტი 1973 წლის გადაწყვეტილების უარყოფაა, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია იცავს ორსული ქალის თავისუფლებას, აირჩიოს აბორტი ხელისუფლების ზედმეტი შეზღუდვის გარეშე. გადაწყვეტილებამ ვნებათაღელვა გამოიწვია ვაშინგტონში.

საპროტესტო აქცია ამერიკის უზენაეს სასამართლოსთან მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც აბორტის გაკეთების უფლებას ამერიკაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფედერალურ დონეზე იცავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გახმაურდა 98 გვერდიანი სამუშაო პროექტი, რომლითაც მოსამართლეები აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებას აპირებდნენ. სასამართლო თვლის, რომ "რო უეიდის წინააღმდეგ" კონსტიტუციური დაცვის საფუძველს მოკლებულია და აბორტებთან დაკავშირებული რეგულაცია, შტატებში უნდა გადაწყდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი კანონების გამო, უკვე დღეიდან ზოგიერთ შტატში აბორტის გაკეთება დანაშაულია. 

შტატების ნაწილს აბორტის ამკრძალავი კანონები უკვე მიღებული აქვს. მაგალითად, კანონი უკვე ძალაშია ოკლაჰომაში, სადაც აბორტის გამკეთებლისთვის სასჯელი 10 წლამდე ციხე იქნება. მიზურიში კი ვინც აბორტს გააკეთებს, მისთვის 15 წლიანი სასჯელია. გამონაკლისია, თუ აბორტი სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევაა. 83-მა პროკურორმა 28 შტატში განაცხადა, რომ აბორტის გულისთვის სისხლის სამართლის დევნას არ დაიწყებენ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის სამწუხარო დღე უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ სასამართლომ ამერიკა 150 წლით უკან დააბრუნა.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს ამ ვითარებაში არანაირი აღმასრულებელი ქმედების უფლება არ აქვს. მან მოუწოდა ხალხს აირჩიონ სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც ქალებისთვის ამ უფლების აღდგენას, ფედერალური კანონით კიდევ ერთხელ შეძლებენ. მანამდე კი, ამერიკაში ბევრ ქალს აბორტის გასაკეთებლად, სხვა შტატში გამგზავრება მოუწევს, სადაც ორსულობის შეწყვეტა კანონიერია. ამერიკის დიდმა კომპანიებმა დღეს განაცხადეს, რომ თანამშრომლებს აბორტისთვის მგზავრობის ხარჯებს დაუფარავენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ აქციები ქვეყნის მასშტაბით იმართება. პრეზიენტმა მოუწოდა მოსახლეობას, პროტესტი მშვიდობიანი იყოს.

დღის ამბები