პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ბათუმის პორტში 2 დღის წინ შემოსულ გემზე საუბრობს. მისი განცხადებით, ტანკერზე რუსული, სანქცირებული კომპანიის, "როსნეფტის" ტვირთი იყო მოთავსებული. ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს სანქცირებულ ტვირთებს საბუთები და წარმომავლობა ხელოვნურად შეუცვალოს.
"ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და ამ მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც არის დაკავებული საქართველოში ნავთობის ბიზნესით, რომელმაც 2014 წელს "როსნეფტთან" მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გემის შემოსვლის პროცედურებს კიდევ ერთხელ განმარტავს.
"ტვირთების შემოსვლა როცა ხდება ზღვიდან, არის ორდონიანი პროცედურა. პირველი არის გემთან დაკავშირებული პროცედურა, შეუძლია თუ არა გემს, შევიდეს პორტში და ამ დროს ხდება შემოწმება, გემი ხომ არ არის სანქცირებული. გემი არ იყო სანქცირებული და შევიდა, მეორე ეტაპი არის გემიდან ტვირთის გადმოტანის ნაწილი, სადაც ასევე ხდება შემოწმება, ხომ არ არის სანქცირებული ტვირთი. ამ მეორე ეტაპზე, როდესაც მოხდა შემოწმება, აღმოჩნდა კიდეც რომ იყო სანქცირებული და გემი გაბრუნდა უკან. პრაქტიკულად, გამოყენება სანქციის არის, რომ ვიღაცა ცდილობს სანქციის დარღვევას, ამას აღმოაჩენ და გააბრუნებ ტვირთს უკან. სხვანაირად, თუ ის გემი არ მოვიდოდა, ვერც სანქცია ვერ იმოქმედებდა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.