19 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" კვირეული ელენე ნავერიანის ფილმის ჩვენებით, ოფიციალურად გაიხსნა - მას ევროკავშირის, აშშ-ისა და საფრანგეთის ელჩებიც დაესწრნენ

"თბილისი პრაიდის" კვირეული ელენე ნავერიანის ფილმის ჩვენებით დაიწყო - კინოსურათის პრემიერას დიპლომატიური კორპუსი, ლგბტ თემის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დაესწრნენ.

ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი დაესწრნენ.

ფილმის ჩვენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე დახურულია, არ სახელდება ადგილმდებარეობა, ტერიტორიას კი საპატრულო ეკიპაჟი იცავს. განთავსებულია რკინის ჯებირებიც. რისკებიდან გამომდინარე ქვიარ თემის წარმომადგენლებმა ღირსების მარშის ჩატარებაზეც უარი თქვეს და კვირის განმავლობაში მხოლოდ სამ დახურულ ღონისძიებას ჩაატარებენ.

"ძალიან კარგი სტარტი აიღო კვირეულმა. მიუხედავად იმისა, რომ ღირსების მარშს არ ვატარებთ, ეს კვირეული იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე "ქვიარ" თემისთვის, მხარდამჭერებისთვის. სამი ღონისძიებისგან შედგება, დღეს არის პირველი ღონისძიება. კერძოდ, ელენე ნავერიანის ფილმის "სველი ქვიშის" პრემიერა. კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ძალიან აქტიურად. რაც კი შეიძლება, რომ გავაკეთოთ, ჩვენ ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ. ვართ სრულ კოორდინაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ისინი იღებენ პასუხისმგებლობას, რომ დაიცავენ სამივე ღონისძიებას, მათ მონაწილეებს და ასევე ზოგადად ქალაქში მართლწესრიგს," - განაცხადა "თბილისი პრაიდის" დირექტორმა ანი სუბელიანმა.

"თბილისი პრაიდის" კვირეულს პირველ ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც დაესწრო. ელჩის განცხადებით, "თბილისი პრაიდის" კვირეული ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დემონსტრირებას ახდენს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.

"მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში ეს პირველი საჯარო ღონისძიებაა. ეს კვირეული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ღონისძიება იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ადამიანის უფლებები ყველასთვის ერთია. მნიშვნელოვანია, რომ ყველას ხმა ისმოდეს. გასული წლის გამოცდილებას თუ გავიხსენებთ მნიშვნელოვანია ასამბლეის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ყველასთვის ერთნაირი იყოს. მოხარული ვარ, რომ მთავრობისა და "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები თანამშრომლობენ. მოხარული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების, რომ ისინი პრევენციულ ზომებს მიიღებენ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მიესალმება თბილისში "პრაიდის" კვირეულის ჩატარებას. როგორც ის აცხადებს, პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოს კონსტიტუცია აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობასა და უფლებას, რათა ეს ღონისძიება აღნიშნონ.

"პატივი უნდა ვცეთ ყველას სექსუალურ ორიენტაციას. "პრაიდის" კვირეული არის იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ყველა სიამოვნებას იღებს თავიანთი უფლებების აღნიშვნით. სწორედ ამის ორგანიზება მოხერხდა საზოგადოების მხრიდან. კარგია, რომ ეს ღონისძიება ამას გამოხატავს. პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოს კონსტიტუცია აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობასა და უფლებას ეს ღონისძიება აღნიშნონ," - აცხადებს ის.

დღის ამბები