კახეთში მომხდარ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
არასრულწლოვნის ახლობლები დანაშაულში მის მონაწილეობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ასაკოვან მამაკაცზე მხოლოდ მეორე პირმა იძალადა.
დაზარალებულ მამაკაცს დაზიანებები სახეზე აღენიშნება, ოჯახის თქმით, მას სახის ძვლის მოტეხილობებიც აქვს და ამ ეტაპზე, ისევ თბილისში მკურნალობს. მამაკაცის მეუღლე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მის ქმრისგან მოძალადეები 8 ათას ლარს მოითხოვდნენ.
შეგახსენებთ, კახეთში 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა ორი ახალგაზრდა - აქედან ერთი არასრულწლოვანი. სავარაუდო მოძალადეებმა მომხდარი მობილური ტელეფონით გადაიღეს, ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მიყენებული დაზიანებებით მამაკაცი საავადმყოფოში თბილისში გადმოიყვანეს.
ხანდაზმული მამაკაცის სასტიკად ცემის გამო ახალგაზრდები დაკავებულები არიან - მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულს ფული წაართვეს, ითხოვდნენ დამატებით თანხასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღებული მასალის გავრცელებით იმუქრებოდნენ.