"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" სამი დღის წინ საზოგადოებას წარუდგინა ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, რასაც, სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს.
"ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, "ქართული ოცნება" ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება.
ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება," - განაცხადა კობახიძემ.