"არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცა" - შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას არასამთავრობო სექტორი ეხმაურება. ამბობენ, რომ ისინი კრიტიკით არამარტო ხელისუფლების, ასევე ხშირად ოპოზიციის მიმართაც გამოირჩევიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, კონკრეტული გეგმის შეთავაზების ფონზე, რატომ იღებს არასამთავრობო სექტორი ასეთ თავდასხმას.
"ძალიან კარგად არის ხელისუფლებისთვისაც ცნობილი, რომ როგორც ჩვენი ორგანიზაცია, ასევე სხვა ორგანიზაციებიც ხშირად გამოვირჩევით კრიტიკით არამარტო ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართაც, სწორედ ეს არის ჩვენი ფუნქცია და როლი. ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას და გეგმის შეთავაზების შემდეგ ვიღებთ არასამთავრობო სექტორის მიმართ ასეთ თავდასხმას, მაშინ ვიტყოდი რომ ხელისუფლებამ დაასახელოს ის კონკრეტული ორგანიზაციები, არ ვიცი რა კონკრეტული მიზნები აქვთ ამ ორგანიზაციებს," - აცხადებს სიმონიშვილი.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი და ყოფილი ომბუდსმენი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორი მრავალფეროვანია და შესაძლებელია მისი ნაწილი პოლიტიზირებულიც იყოს. თუმცა, ნანუაშვილის თქმით, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს სიმპატიები პოლიტიკური ჯგუფების მიმართ.
"სამოქალაქო სექტორი არის მრავალფეროვანი, მათ შორის შესაძლებელია იყვნენ პოლიტიზირებულებიც, მაგრამ ეს მათი უფლებაა, ყველას აქვს უფლება იყვნენ პოლიტიკურად აქტიური, პარლამენტი ვერ განუსაზღვრავს და ვერ დაუწესებს ლიმიტებს ნებისმიერ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის თავისუფალი და ყველას აქვს საკუთარი უფლება, როგორც უნდა ისე გამოიყენოს, იყოს მეტად აქტიური, ნაკლებად აქტიური, ჰქონდეს სიმპატიები პოლიტიკური ჯგუფების მიმართ," - ამბობს ნანუაშვილი.