"არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცა" - პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოსაზრებას მმართველი გუნდი სრულად იზიარებს. ოპოზიციის ნაწილი არ უარყოფს, რომ "ენჯეოებსა" და პოლიტიკას შორი ზღვარი ნაწილობრივ წაშლილია. მეორე ნაწილი კი ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მთავრობა საზოგადოებას დეპოლარიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, მსგავსი განცხადებები საპირისპიროზე მეტყველებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ბაჩო დოლიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" აქვს ერთი ნარატივი, რომ ყველა დამნაშავეა მათ გარდა.
"ერთის მხრივ ეპატიჟებოდე ამ ადამიანებს მოლაპარაკების მაგიდასთან და ამავდროულად უწოდო, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ეს არის სრული დესტრუქცია, ეს სრულიად გაუგებარია ჩემთვის და აბსოლუტურად გაუგებარი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც ერთხმად ყველა მოგვიწოდებს - ყველა პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობოები. არის ერთი ნარატივი, რომ ამ სიტუაციაში ყველა დამნაშავეა და მხოლოდ "ქართული ოცნება" არის ცამდე მართალი," - ამბობს დოლიძე.
"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ არ გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და მათ მიმართ პრეტენზიები გაუგებარია.
"ზღვარი წაშლილია და რადიკალიზებას ხელს უწყობს - არ ვიცი ზღვარი სად არის წაშლილი - უწყობს ხელს ხელისუფლების ქმედებები. ეს ადამიანები რასაც საუბრობენ სასამართლოს რეფორმაზე, დეოლიგარქიზაციის დასრულებაზე, მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებაზე, ლოგიკურია ეს არ გასულა არც კონსტიტუციური ჩარჩოდან, არც ადამიანების უფლებების დაცვის ჩარჩოდან და მე არ ვიცი რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს," - თქვა მანჯგალაძემ.