არასამთავრობო სექტორი ისევ "ქართული ოცნების" კრიტიკის ობიექტი ხდება. აქციებზე NGO-ების გამოჩენამ და პოლიტიკურმა განცხადებებმა მმართველ გუნდს ეჭვი გაუმყარა, რომ მესამე სექტორი ოპოზიციის დავალებებს ასრულებს და რეალურ საქმიანობას ჩამოშორდა.
"ოცნების" ეჭვებს იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. "გირჩები" და "მოქალაქეები" არასამთავრობო ორგანიზაციებს ღიად მოუწოდებენ, მესამე სექტორი დატოვონ და პოლიტიკაში გადაინაცვლონ.
აქციის მონაწილე ოპოზიცია კი მმართველი გუნდის ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება და "ოცნებას" ევროკომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები მესამე სექტორის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს.
ბრალდებებს დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი თქმით, არასამთავრობოები როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ თანაბრად კრიტიკულები არიან. პოლიტიკური სიმპათიისა და პოზიციის გამოხატვა კი ნებისმიერი აქტივისტის კონსტიტუციური უფლებაა.