საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც არ უერთდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.
"რეკომენდაციები, რომლის პირველი პუნქტი იწყება იმით, რომ უნდა მოხდეს პოლარიზაციის შემცირება, პირველი რაც გააკეთა ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, აიღეს ეს დოკუმენტი და იყენებენ მას პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მათ ინკლუზიურ პროცესს, რომ შევთანხმდეთ და შევხედოთ, რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმება, ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმების პროცესს, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს ეს კონკრეტული იდეა, რომელიც პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს, ანუ უმრავლესობა აუცილებლად უნდა დაეთანხმოს. ისინი შეთანხმებას კი არ გვთავაზობენ, დათანხმებას გვთავაზობენ, რაც არის ულტიმატუმით საუბარი და ეწინააღმდეგება მთლიანად არსს, მათ შორის ამ რეკომენდაციების. ხვალ საპროცედურო კომიტეტის სხდომაც იქნება მათ შორის, რომელიც სწორედ შეეხება საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტების გაძლიერების საკითხებს, ვინაიდან, ესეც გახლავთ ერთ-ერთი რეკომენდაცია. მე პირადად შევხვდები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ვისაუბროთ როგორ შეიძლება დეპოლარიზაცია განვახორციელოთ," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, საკომიტეტო განხილვები იწყება. საკითხზე პირველად ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.