გარდაიქმნება თუ არა მოძრაობა "შინ ევროპისკენ" პოლიტიკურ პარტიად? - აქციების ორგანიზატორთა ნაწილი ამას არ გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი შესაძლებლობას უარყოფს.
შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკური პარტიებიც. ოპოზიციის ნაწილი მოუწოდებს არასამთავრობოებს, თუ მათ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, დროულად განაცხადონ.
"ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა ყველას შეუძლია და, შესაბამისად, ვინ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თავისუფალია თავის არჩევანში. თვითონ პროცესში, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდა და რა შეიცვლება, არაფერი არ იცვლება. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ რაიმე სახით პოლიტიკა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. პოლიტიკური პარტიის დაანონსება ან პრეზენტაცია, პოლიტიკურ ამინდს არ ცვლის," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი პროცესია, როდესაც ადამიანებს, რომელთაც საერთო პოლიტიკური მიზანი აქვთ ერთიანდებიან და ქმნიან პარტიას. ახალი პარტიების შექმნას მიესალმება.
რაც შეეხება პარტია "მოქალაქეებს", ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარტიებსა და ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ზღვარი წაშლილია.
"თუ ხარ არასამთავრობო ორგანიზაციაში მოიქეცი ისე, როგორც იქცევიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თან რომ პოლიტიკოსი ხარ, თან რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ხარ და თან რომ იძახი, რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამით იტყუები და კეკლუცობ, ამას არ მივესალმები. ზღვარი წაშლილია. თქვი შენ დალოცვილო, მიტინგზე რომ გამოდიხარ მთავრობის გადადგომას ითხოვ და მერე იძახი რომ მე ამირჩიეთ მინისტრად და პრემიერ-მინისტრად, პოლიტიკოსი ხარ, აბა რა ხარ?! თან რომ იძახიან - არაა, არა მე არ ვარ პოლიტიკოსიო. ვის ატყუებენ, თავს იტყუებენ თუ ჩვენ გვატყუებენ?!" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.