15 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოდგენილ გეგმაზე მუშაობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება - უმრავლესობა სამუშაო ჯგუფების შექმნაზე იმსჯელებს

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა იწყება. მთავარი საკითხი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არსებული გეგმაა. პარტია "ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ განხილული იქნება ის ხედვა, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ 12 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა, როგორც იცით ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საპარლამენტო ზედამხედველობის კონტროლს, შესაბამისად ამ 12 პუნქტიან გეგმაში არის ეს ერთ-ერთ საკითხად და ბუნებრივია ჩვენ გვექნება მსჯელობა, ოპონენტებთან ერთად, რომლებიც იმედია მობრძანდებიან კომიტეტზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია რომ ჩვენ ამ თვეში აუცილებლად უნდა შევქმნათ ის სამუშაო ჯგუფი, მათი ჩართულობით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, რომელმაც პრაქტიკულად უნდა მოამზადოს კანონპროექტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის უფრო გაძლიერებას," - ამბობს მაჭარაშვილი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ივლისის თვის განმავლობაში გაწეული სამუშაო საშუალებას მისცემს პარლამენტს, 21 სექტემბრისთვის მზად იყოს კანონპროექტები საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით.

"ეს სამუშაო, რომელიც ივლისის თვის განმავლობაში იქნება უკვე გაწეული, საშუალებას მოგვცემს, როგორც ჩვენ გვაქვს ვადები დათქმული, რომ 21 სექტემბრისათვის მზად გვქონდეს ყველა ის შესაძლო კანონპროექტი, რომელიც ამ მუშაობის ჩატარების შემდეგ, საჭირო იქნება მათი იმპლემენტაცია და მიღება პარლამენტში და პირველი ნოემბრისთვის უკვე პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონის სახით ყველა ის შესაძლო ცვლილება, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით, რომელიც ამ მუშაობის შედეგად იქნება გამოკვეთილი," - აცხადებს ქადაგიშვილი.

დღის ამბები