გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ოთარ შამუგია ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებსა და მარკეტინგულ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მარკეტინგული კომპანიის "კოლანჯელო & პარტნერს" ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ მათი ხედვები მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით კომპანია მარკეტინგულ გეგმებზე იმუშავებს, რომელიც ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენაა მიმართული.
ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც როგორც ღვინის ექსპორტიორები, ასევე საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქართული ღვინის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობადობის ამაღლების სტრატეგია.
ოთარ შამუგია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთნ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანთან ერთად, ვაშინგტონში მდებარე ღვინის მაღაზიაში Bach 13-ის ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებლებით და არსებული პოტენციალით დაინტერესდნენ.
როგორც მაღაზიის მეპატრონემ, გიგა გრიგოლიამ აღნიშნა, მაღაზია ამერიკელ მომხმარებელს საქართველოდან 30-მდე კომპანიის ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს სთავაზობს. მისივე თქმით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას.