ვინ რა პირობით იმუშავებს ევროპული მიზნის მისაღწევად - რეკომენდაციების შესრულება საკანონმდებლო ორგანოში, მმართველი გუნდის მხრიდან სასამართლო რეფორმაზე მუშაობით გაგრძელდება. პროცესი ორშაბათიდან სწორედ ამ საკითხით განახლდება.
მმართველი გუნდის ოპონენტებს კი საკუთარი სასესიო დღის წესრიგი აქვთ. მათი გეგმის მთავარ საკითხად კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება რჩება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მთავარი გეგმა აქციებზე მუშაობაა და საზოგადოების წნეხის შედეგად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
"საზოგადოებრივი წნეხის შედეგად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, სხვა პირობებით და არა ღარიბაშვილის და ამ ცესკოს პირობებით და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ არ გვჯერა, რომ ამ 12 პუნქტს, რა კომბინაციაც არ უნდა იყოს პოლიტიკური, რაიმენაირად შეასრულებს ქართული ოცნება. გეგმა არის აქციებზე მუშაობა, გეგმა არის სანქციებზე მუშაობა, გეგმა არის ის, რომ რა ბერკეტიც გვაქვს, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ 90% ხალხის ნება, ვისაც უნდა რომ ჰყავდეს პროდასავლური მთავრობა, იყოს აღსრულებული," - განაცხადა ნიკა ობოლაძე.
განცხადება საკითხთან დაკავშირებით გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.
"ყველას მოვუწოდე, რომ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა თუნდაც იმისთვის, რომ ხალხს დავანახოთ რომ "ქართული ოცნება" სინამდვილეში არაფრის შესრულებას არ აპირებს," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.