ელენე ხოშტარიას განცხადებას, ორი ამერიკული უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, რომელშიც, მისი ინფორმაციით, საქართველო რუსეთ-ბელარუსის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის საზღვაო სავაჭრო გზად არის მოხსენიებული, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ "დროას" ლიდერის განცხადება უხერხულია :
"ძალიან უხერხულია, როდესაც ხოშტარია რაიმეს გასაჯაროებაზე აკეთებს განცხადებას. ვინაიდან მას აქამდე არ გაუსაჯაროებია ის მილიონობით რუბლების გადარიცხვები, თუ რას მოხმარდა და, როგორ მოხმარდა ის თანხები, რაც მან რუსეთისგან აიღო. ამ პირობებში, როცა აქეთ რაიმეს გასაჯაროებას ითხოვს, ვფიქრობ, რომ შედეგები ამას კიდევ უფრო უხერხული ექნება,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
ამერიკის უწყებების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა - მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანას სანქციები საზღვაო გზით დაუწესდეს :
"ამერიკის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა - უწყებებმა, რომლებიც ერთობლივად ახდენენ სანქციების აღსრულების კონტროლს და მონიტორინგს, გამოაქვეყნეს დოკუმენტი. საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის, სანქცირებული ტვირთების გადაზიდვით. გვაქვს საფრთხე, რომ ქვეყანა და პორტი დასანქცირდეს, საზღვაო გზით არ დავსანქცირდეთ,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.